მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე! პოდკასტში მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები.
პოდკასტს გაუძღვებიან:
ალექსანდრე მიქაბერიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი, ნაპოლეონოლოგი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციებს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე. არის რევოლუციურ ეპოქაზე (1750-1850 წწ.) საერთაშორისო კონსორციუმის, რომელიც აშშ-ს 20-ზე მეტს უნივერსიტეტს აერთიანებს, დირექტორთა საბჭოს წევრი და სამეცნიერო გამოცემის მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს რამდენიმე ათეული სტატია და ოცზე მეტი წიგნი, რომელთა დიდი ნაწილი ნაპოლეონის ეპოქას შეეხება, მათ შორის სამ-ტომეული ნაპოლეონის ლაშქრობაზე რუსეთში. ხელმძღვანელობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ პროექტს ნაპოლეონის ომებზე (The Cambridge History of the Napoleonic Wars). 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა მისი ვრრცელი კვლევა ნაპოლეონის ომების გლობალურ ისტორიაზე, The Napoleonic Wars: A Global History.
ნიკა ხოფერია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით; იკვლევს გვიანანტიკურ და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიას, ასევე ნაპოლეონის ეპოქას. არის ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. გამოცემული აქვს თარგმანები და სამეცნიერო სტატიები, და ორი მონოგრაფია, ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია (თბილისი: საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა", 2011) და გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი I (თბილისი: არტანუჯი, 2016).
ჩვენი თანამშრომლობა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. 2012 წელს ერთად მოვამზადეთ ნაპოლეონის პირადი მცველის, მამლუქი რუსტამის მემუარები (რუსტამ რაზას მემუარები / ფრანგ. თარგმნა, წინასიტყვ. და კომენტ. დაურთეს: ალ. მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ. - თბ. : არტანუჯი, 2012). ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ ახალ წიგნზე, რომელიც ნაპოლეონის მარშლებს ეხება.